გარდაიცვალა ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი

გარდაიცვალა ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი

მინდია სალუქვაძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის თანამშრომლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებ-ლობის, ენერგეტიკისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ღვაწლმოსილი პიროვნება, აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე.

მინდია სალუქვაძე დაიბადა 1933 წელს თბილისში, პედაგოგების ოჯახში. მას მშობლები არ ახსოვდა, ისინი 1937 წელს დახვრიტეს. ბატონი მინდია დიდი სითბოთი და სიყვარულით გაზარდა მამიდამ, ელეონორა (ელე) სალუქვაძე-კალანდარიშვილისამ.

მ. სალუქვაძემ 1950 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის 37-ე ვაჟთა საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1955 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის (დღევანდელი მართვის სისტემების) ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე.

1958-1961 წლებში სწავლობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის (ამჟამად მართვის პრობლემების) ინსტიტუტის ასპირანტურაში სპეციალობით „ავტომატური მართვა“. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

ასპირანტურის დამთავრებისთანავე დაბრუნდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა ჯერ ლაბორატორიის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. 1981 წლიდან 2006 წლამდე ბატონ მინდიას ეკავა ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა. 2007 წლიდან დღემდე ბატონი მინდია იყო მთავარი მეცნიერი თანამშრომელი და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ამ წლების მანძილზე მან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ინსტიტუტის განვითარებისა და წინსვლისათვის. ბატონი მინდიას ინიციატივითა და ძალისხმევით მართვის სისტემების ინსტიტუტი დღეს მისი დამაარსებლისა და პირველი დირექტორის, არჩილ ელიაშვილის სახელს ატარებს.

მინდია სალუქვაძემ 1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1980 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება. 1983 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1993 წელს – ნამდვილ წევრად.

მინდია სალუქვაძეს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, 15 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო (თანაავტორებთან ერთად). აღსანიშნავია, რომ ამერიკაში გამოცემული მისი მონოგრაფია ერთ-ერთი პირველი იყო მრავალკრიტერიული ოპტიმიზაციის სფეროში. ბატონი მინდიას დიდ სამეცნიერო ღვაწლზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში შესულია ტერმინები: „სალუქვაძის მეთოდი“, „სალუქვაძის ამოხსნა“,  „სალუქვაძის პრინციპი“.

მინდია სალუქვაძე 1964 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

ბატონი მინდია წლების მანძილზე იყო სხვადასხვა სამეცნიერო საბჭოს, სამეცნიერო ორგანიზაციისა და რედაქციის წევრი. არჩეული იყო რამდენიმე დარგობრივი აკადემიის ნამდვილ წევრად. ბატონი მინდიას მიერ მიღებული სამეცნიერო შედეგები წარმატებით იყო მოხსენებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაზე, სიმპოზიუმსა და კონგრესზე.

მინდია სალუქვაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგაზრდების აღზრდაში და სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბებაში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში ჩატარდა მრავალი საერთაშორისო კონფერენცია და სკოლა-სემინარი.

წლების მანძილზე მინდია სალუქვაძე იყო საზოგადოება „მემორიალის“ თავმჯდომარე.

აკადემიკოს მინდია სალუქვაძის სახით ქართულმა მეცნიერებამ, ჩვენმა საზო-გადოებამ და მართვის სისტემების ინსტიტუტმა დაკარგა თვალსაჩინო მეცნიერი, ნამდვილი მამულიშვილი და მრავალმხრივ ერუდირებული ღირსეული მოქალაქე. მან განსაკუთრებული ფურცელი ჩაწერა არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ისტორიაში. დაუვიწყარია მინდია სალუქვაძის გულისხმიერება და ყოველდღიური ზრუნვა თითოეული თანამშრომლის მიმართ. მისი ნათელი ხსოვნა მარად დარჩება თანამშრომლებისა და კოლეგების მეხსიერებაში.

ბატონი მინდია იყო შესანიშნავი მეუღლე, მზრუნველი მამა, ერთგული მეგობარი და მოსიყვარულე ბაბუა.

ღმერთმა სასუფეველში ამყოფოს თქვენი წმინდა სული, ჩვენო ძვირფასო ბატონო მინდია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის თანამშრომლები